საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი პარლამენტში გამოსასვლელად ნებისმიერ მომენტში მზად არის.
ამის შესახებ სააკაშვილმა პრემიერთან დღეს გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მე მზად ვარ პარლამენტში გამოსვლისთვის, არა მგონია, რომ ეს ერთადერთი საკითხი იყოს. როგორც ჩემი აქ შეხვედრა, ასევე პარლამენტში გამოსვლა ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - პოლიტიკურ დიალოგს. მათი დიდი ნაწილი ცუდი თვალით მიყურებს არ არის დასამალი, ვერ მიტანენ. კი ბატონო, როდესაც ვიღაცას ვერ იტან უნდა მოიყვანო, გააკრიტიკო, თუ გინდა შენი აზრით, გააბითურო, ამხილო და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერო. მეტი რაღა მექნა, ვაძლევდი შესაძლებლობას, რომ ქუჩაში კი არ გადაგვეტანა ის ჩხუბი, როგორც მოხდა 8 თებერვალს, არამედ პარლამენტის შიგნით რიტორიკულად რაც უნდა ის ეთქვათ, ყველაფრის გაძლებისთვის ვიყავი მზად და რა თქმა უნდა, ასევე მზად ვიყავი, ცივილიზებულ ფარგლებში საპასუხოდ. ლაპარაკის სანაცვლოდ, ახლა რაღაც კუკუ-დამალობანას ვეთამაშებით ერთმანეთს. ეს ყველაფერი, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, ხდება ლაპარაკისთვის, რომ ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, არის მორიგი სიცრუე, მე არასოდეს არ ვიტყუები და თუ თქვენ რაღაც არ მოგწონთ, ასეთი ზოგადი ტერმინოლოგიით კი არა უნდა გამოხატოთ, არამედ კონკრეტულად უნდა თქვათ, რაში არ ეთანხმებით და თქვათ, მზად ვართ, ამაში ოპონირება გავწიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პარლამენტში მისი გამოსვლა არ იყო მხოლოდ პრემიერთან გადასაწყვეტი თემა. პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობამ იცის მისი პოზიცია და ნებისმიერ მომენტში მზად არის პარლამენტში მისვლისთვის.