თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეული მხარდაჭერა და „გავლენიანობა“ რეალურად ვლინდება მხოლოდ ოპოზიციური დღის წესრიგის გაძლიერებასა და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობაში, მაშინ „გამჭვირვალობა საქართველო“ გაცილებით ახლოს დგება პოლიტიკურ სუბიექტთან, ვიდრე ნეიტრალურ და დამოუკიდებელ არასამთავრობო ინსტიტუტთან, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიმართვას მათი საქმიანობის პოლიტიკურ საქმიანობად მიჩნევასთან დაკავშირებით.
ჩიხელიძე სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო პრაქტიკის განხილვის ფონზე აცხადებს, რომ „თუ „გამჭვირვალობა - საქართველო“ რეალურად ახორციელებს გავლენას მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებზე, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის „არასამთავრობო“ სტატუსი ფორმალობად რჩება, ხოლო მისი რეალური როლი უფრო მეტად პოლიტიკური ხდება“.
„ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართ ორჯერ იქნა გამოყენებული ფორმულირება – „გავლენიანი ორგანიზაცია“. ასეთ შეფასებასთან დაკავშირებით ბუნებრივად ჩნდება კითხვა: კონკრეტულად რა სახის გავლენას გულისხმობენ და ვისზე ვრცელდება იგი?
დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკურ კურსზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, რჩება ორი მიმართულება – მედია და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, სადაც ორგანიზაციის აქტიურობა გაცილებით თვალსაჩინოა. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება მთავარი კითხვა: თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეული მხარდაჭერა და „გავლენიანობა“ რეალურად ვლინდება მხოლოდ ოპოზიციური დღის წესრიგის გაძლიერებასა და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობაში, მაშინ „გამჭვირვალობა საქართველო“ გაცილებით ახლოს დგება პოლიტიკურ სუბიექტთან, ვიდრე
ნეიტრალურ და დამოუკიდებელ არასამთავრობო ინსტიტუტთან.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკა:
აშშ-ში მოქმედებს სპეციალური კანონი (Foreign Agents Registration Act – FARA), რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ, ოფიციალურად დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. ამგვარად, საზოგადოება იცნობს მათ ნამდვილ როლს და დამოუკიდებლობის ხარისხს.
ევროკავშირის ქვეყნებში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქცია უნდა იყოს საზოგადოების ინტერესების დაცვა და არა პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციები ექვემდებარებიან რეგულაციებს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის არის დაწესებული.
გერმანიაში მოქმედებს პრინციპი, რომ NGO-ები არ უნდა ჩაერიონ პირდაპირ არჩევნების პროცესში ან პარტიული კამპანიებში. ამ წესის დარღვევა ორგანიზაციის სტატუსს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამგვარი მაგალითები ცხადყოფს, რომ საერთაშორისო პრაქტიკა მკაფიო ხაზს ავლებს არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის. თუ „გამჭვირვალობა საქართველო“ რეალურად ახორციელებს გავლენას მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებზე, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის „არასამთავრობო“ სტატუსი ფორმალობად რჩება, ხოლო მისი რეალური როლი უფრო მეტად პოლიტიკური ხდება.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს – როდესაც ვისმენთ სიტყვებს „გავლენიანი ორგანიზაცია“, რა სახის გავლენაზეა საუბარი: საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმზე თუ პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაზე. ეს გამიჯვნა არა მხოლოდ სამართლიანობის, არამედ დემოკრატიული პროცესის სიჯანსაღისთვისაც აუცილებელია“,- წერს დავით ჩიხელიძე.