საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კიდევ შეხვდეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა პრემიერთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.
"რაც შეეხება კონსტიტუციას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხზე გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეუჯერებელი პოზიციები არ არის, ჩვენ თითქმის შეჯერებული ვიყავით ყველა ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ გადავლახავთ ამ დაბრკოლებებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო ფართოა ეს საკითხი, ვიდრე კანონპროექტზე პარლამენტში თითის დაჭერა, ბევრად უფრო ფართოა და მე მინდა, რომ ჩვენ ყველა ცვლილება მივიღოთ არა ვიღაცეების ხელის ამოგრეხით, შანტაჟით, არამედ – პოლიტიკური კონსესუსით, არა ულტიმატუმის ენით, არამედ იმით, რომ ჩენ ყველა დავიჯერებთ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ამიტომ ეს საუბრები უნდა გაგრძელდეს. მე პრემიერს ვუთხარი, რომ ვისურვებდი, კიდევ შევხვდეთ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ დიალოგი. თუ ის თვლის, რომ მის მთავრობას რამე უშლის ხელს, რომ ხალხისადმი მიცემული დაპირება შეასრულოს, ვგულისხმობ, სოციალურ დაპირებებს, იმას, რომ ხალხს მიხედონ, გაჭირვებულ ადამიანებს ხელი გაუმართონ, ამ კუთხით, თუკი რამე შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მთავრობას ხელი არ შევუშალოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.