შალვა შავგულიძე მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში საფრთხის შემცველ ნორმებს ხედავს

შალვა შავგულიძე მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში საფრთხის შემცველ ნორმებს ხედავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა შავგულიძე სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში საფრთხის შემცველ ნორმებს ხედავს და მასზე საუბრისას, სამართლიანობის პრინციპის დარღვევაზეც აკეთებს აქცენტს. 

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სადღეისოდ არსებული ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესბაში გადასვლა არ უნდა მოხდეს.

"ზოგადად, წარმოდგენილი ინიციატივა პროგრესულია, რადგან სასჯელთა სრული შეკრების წესი ძალიან მანკიერია და სასამართლო პრაქტიკაშიც მანკიერად გამოიყენებოდა, როცა ადგილი ჰქონდა არაადექვატურად მძიმე სასჯელების მისჯას და შემდეგ საპროცერსო შეთანხმებისთვის დიდი თანხის მოთხოვნას, თუმცა ერთი უკიდურესობიდან - ანუ სასჯელის სრული შეკრებიდან, მეორე უკიდურესობაში - ანუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა სრულ შთანთქმაზე გადასვლა, გამართლებული არ არის. ეს გარკვეულ საფრხეებს შეიცავს. კერძოდ, პირს, რომელესაც ერთი მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, ეცოდინება, რომ სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი აღარ დაეკისრება. ეს კი, დანაშაულის შემკავებლობას შეამცირებს. გარდა ამისა, გარკვეულწილად არც სამართლიანობის პრინციპს შეესაბამება, რადგან არსებობენ, როგორც კონკრეტული დაზარალებულები, ასევე არსებობს საზოგადოების მოთხოვნაც, რომ სახელმწიფომ თითოეულ დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში კი ვიღებთ სურათს, როცა ერთ მძიმე დანაშაულზე ხდება სასჯელის გამოყენება, ხოლო დანარჩენ დანაშაულებზე პირი სასჯელისგან თავისუფლედება" – აცხადებს შალვა შავგულიძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სჯობს, სრული შთანთქმის პრინციპი არ ამოქმედდეს და დასაშვები გახდეს გარკვეული გრადაცია. კერძოდ, თუკი ადგილი აქვს რამდენიმე ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაძლებელი გახდეს სასჯელის სრული შთანთქმა, თუკი საქმე ეხება მძიმე დანაშაულს ნაკლებად მძიმესთან ერთად, დასაშვები გახდეს ნაწილობრივი შეკრება და ასე შემდეგ.
სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე "სისხლის სამართლის კოდექსში" და ასევე, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, ინიცირებული პროექტის თანახმად, დანაშაულის ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ, ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს. პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებს უკუძალა ექნება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც სასჯელი ცვლილებების ძალაში შესვლამდე არსებული წესით დაენიშნათ. კანონპროექტი სამთვიან ვადას ადგენს, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა.

"კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი გაუმართლებლად მკაცრი და არაადექვატური სასჯელების შეფარდებას იწვევს, რაც თავის მხრივ უსამართლობის განცდას ამკვიდრებს. ამ პრინციპის არსებობა ასევე იწვევს გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას", - განმარტავს მთავრობა.