თემურ ჩხეიძე თბილისში სტუდიის გახსნას გეგმავს

თემურ ჩხეიძე თბილისში სტუდიის გახსნას გეგმავს

რეჟისორი თემურ ჩხეიძე თბილისში სტუდიის გახსნას გეგმავს, სადაც რეჟისორებს, დრამატურგებსა და თეატრმცოდნეებს ასწავლის. ამის შესახებ "რია ნოვისტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდისას - თბილისი-პეტერბურგი-მოსკოვი - ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჩხეიძემ განაცხადა. 

თემურ ჩხეიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზეზით აღარ აგრძელებს მუშაობას ახლად რეკონსტრუირებულ დიდ დრამატულ თეატრში. მან აღნიშნა, რომ დროა, თეატრის ხელმძღვანელობა ხელში ახალმა თაობამ აიღოს.

თემურ ჩხეიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ 26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ თეატრში მუშაობს, აქედან 2007 წლიდან იგი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. რეჟისორმა ისაუბრა კამენნოოსტროვსკის თეატრზეც, რომელიც მის მიერ არის დაფუძნებული და აღნიშნა, რომ სპექტაკლების დასადგამად თეატრში სხვადასხვა რეჟისორებს იწვევდა, რათა იგი ერთი კონკრეტული ესთეტიკის გამომხატველი არ ყოფილიყო.

სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით თემურ ჩხეიძემ განაცხადა, რომ იმ გრძნობით ბრუნდება სამშობლოში, რა გრძნობითაც აქიდან წავიდა. მისივე თქმით, საქართველოშია ყველაფერი, რაც მისთვის ძვირფასია. თემურ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ სამშობლოში არ იმუშავებს არც ერთ თეატრში. 

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ დავდგამ სპექტაკლებს. შესაძლოა, პატარა სტუდია გავხსნას, სადაც ვასწავლი რეჟისორებს, დრამატურგებს და თეატრმცოდნეებს, რათა შიგნიდან იცოდნენ თეატრის პრობლემები", _ დასძინა ჩხეიძემ.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ითანამშრომლებს თუ არა თემურ ჩხეიძე რობერტ სტურუასთან, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაბრუნდა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა ჟურნალისტებმა პირველ რიგში თავად სტურუას უნდა დაუსვან.

მისივე თქმით, "თემურ ჩხეიძის მანერის მქონე რეჟისორთან რობერტ სტურუა, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს".