ზაზა ხატიაშვილი:

ზაზა ხატიაშვილი: "წულუკიანის მიმართ აგორებული ბინძური კამპანია მის მიერ გატარებულ რეფორმებს უკავშირდება"

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, "იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის მიმართ აგორებული ბინძური კამპანია მის მიერ გატარებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეფორმებს უკავშირდება".

ასე ეხმაურება ხატიაშვილი ბოლო დროს თეა წულუკიანის მიმართ იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 წლის პოლიტიკოსი და ოქროს პერგამენტის ლაურეატი გახდა, სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან თეა წულუკიანის მიმართ აგრესია შეინიშნება. "დემოკრატიის შუქურას" განსაკუთრებული აგრესია ამერიკის შეერთებულ შტატებში იუსტიციის მინისტრის წარმატებულმა ვიზიტმა გამოიწვია. თავდაპირველად, "დემოკრატიის შუქურის" რეჟიმმა იუსტიციის მინისტრის ოჯახის წევრებიდან დაიწყო და თეა წულუკიანის მამის მიერ გამოტანილი განაჩენებით დაინტერესდა, ვინაიდან არაფერი გამოუვიდა, ახლა თეა წულუკიანის განათლებით დაინტერესდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვთვლი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში საქართველოს ასეთი განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე იუსტიციის მინისტრი როგორიც თეა წულუკიანია, არ ჰყოლია. როდესაც 2003 წლის 19 ნოემბერს სტრასბურგში საქართველოს ისტორიაში პირველი სასამართლო პროცესი ასანიძე-საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, როგორც პროცესის მონაწილემ, თეა წულუკიანი იქ გავიცანი, რომელსაც ჯერ კიდევ 2003 წელს მოიხსენიებდნენ, როგორც გენიოს ადამიანს და მე ვიყავი ამაყი, რომ ქართველ ადამიანს ასეთი კომპლიმენტებით ამკობდნენ. სამარცხვინოა იმ ადამიანებმა შეაფასონ თეა წულუკიანის განათლება, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას თავი ადამინების წამებით და არაადამიანური მოპყრობით დაამახსოვრეს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დიდი იმედით უყურებს ქალბატონ თეა წულუკიანის მოღვაწეობას და სჯერა, რომ თეა წულუკიანი პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს", - აცხადებს ხატიაშვილი.