კანცელარიაში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

კანცელარიაში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. შეხვედრა დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრის დაწყების ამსახველი კადრები მათმა პრესსამსახურებმა უკვე გაავრცელეს. 

პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად არ მართავდა. პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტმა მიაცილა.

მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი დაახლოებით შვიდი ავტომანქანისგან შედგებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს მედიისთვის ცალ-ცალკე გააკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი შეხვედრის დეტალებზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე ისაუბრებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი – მე-12 სართულზე.

პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა კი, კანცელარიის მე-11 სართულზე, საპრეზიდენტო რეზიდენციაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის სტუმრობასთან დ აკავშირებით მიმდებარე ქუჩებზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. კანცელარიის მიმდებარე გზებზე საავტომობილო მოძრაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ. მოძრაობა ამ პერიმეტრზე პოლიციის კოორდინაციით ხორციელდება.