ირაკლი ჩავლეიშვილი - საზაფხულო თეატრი დასრულებული არ არის და პრეზიდენტს მისი გახსნის უფლება არ აქვს

ირაკლი ჩავლეიშვილი - საზაფხულო თეატრი დასრულებული არ არის და პრეზიდენტს მისი გახსნის უფლება არ აქვს

საზაფხულო თეატრი დასრულებული არ არის და პრეზიდენტს მისი გახსნის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომრემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აპირებს თეატრის გახსნას, რისი უფლებაც პრეზიდენტს არ აქვს, რადგან ობიექტის დასრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს. როგორც ჩავლეიშვილმა განმარტა, საზაფხულო თეატრი გაიხსნება არა ზამთარში, არამედ ზაფხულში, როცა სამშენებლო სამუშაოები დასრულდება.

"საინფორმაციო საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს უნდა გაიხსნას ბათუმის საზაფხულო თეტრი. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს შენობის გახსნას. საზაფხულო თეატრი ჯერ დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ გამოცხადებულ გვაქვს ტენდერი მის მოხატვაზე, აქედან გამომდინარე, მას არავითარი უფლება არ აქვს მშენებარე ობიექტი გახსნას. ასეთი პრაქტიკა ადრე იყო მიღებული, როცა მაგალითად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და დედაენის ძეგლი გაიხსნა. ასეთი ტრადიცია უნდა დასრულდეს. თუ მიხელ სააკაშვილს აქვს კონცერტის ჩატარების სურვილი ჩაატაროს თავის მამულში", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, თვითმმართველობამ უნდა გახსნას შენობა, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა საზაფხულო თეატრის მშენებლობა. მისივე თქმით, იმ თანამშრომლების საქმიანობის საკითხიც უნდა დადგეს, რომლების თეატრის გახსნის ღონისძიების უზრუნველყოფას კურირებენ.

"ბათუმი არის მუნიციპალური ქალაქი და ვღებულობ გადაწყვეტილებას, აიკრძალოს იმ თანამშრომლების საქმიანობა, რომლებსაც დღეს აქვთ დავალებული კონცერტის უზრუნველყოფა. მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კონცერტისთვის ჩამოყავს თავისი მუსიკოსები. ბათუმის მუსიკალური კოლექტივები მონაწილეობას არ ღებულობს ღონისძიებაში. არ უნდა გაიხსნას შენობა, რადგან ქალაქს ჰყავს თვითმმართველობა, რომელიც თეატრის მშენებლობას აფინანსება და ქალაქის მერმა ან თვითმმართველობამ უნდა გახსნას შენობა", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მისივე თქმით, საზაფხულო თეატრის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან დაახლოებით, შვიდმილიონნახევარი ლარი დაიხარჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება.