"დინამო არენა" "საბას" მფლობელს უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

შპს "დინამო არენა" სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელის პაატა კაჭარავას განცხადებას ეხმაურება. როგორც "დინამო არენას განცხადებაშია აღნიშნული , კაჭარავა უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, რაზეც საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს. 

"გვინდა გამოვეხმაუროთ სავაჭრო ცენტრი "საბას" მფლობელის პაატა კაჭარავას უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ერთ-ერთ ვერსიად "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის გახსნას უკავშირებს. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ცილისწამებით და ბრალდებით, რომელსაც ვარაუდის სახით გამოთქვამს ბატონი კაჭარავა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადება, რომელიც ჩვენი მისამართით გაკეთდა. წუხილს გამოვთქვამთ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიებით სიმართლე დადგინდება, ხოლო ჩვენი მხრიდან მოვითხოვთ ბატონი კაჭარავას მიერ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ამ ცილისწამების მიმართ", - ნათქვამია "დინამო არენას" განცხადებაში.

სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელი პაატა კაჭარავა ხანძრის ახალ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს. კაჭარავას ინფორმაციით, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ავეჯის ბაზრობა იხსნება, საიდანაც "საბას" მეიჯარეებს გადასვლას სთავაზობდნენ.

"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იხსნება ავეჯის ბაზრობა. რამდენიმე ობიექტი, თუ არ ვცდები, იქ უკვე არის. იქიდან მოდიოდნენ ჩვენს მოვაჭრეებთან და გადასვლას სთავაზობდნენ, რაზეც უარი მიიღეს. მაქვს ერთ-ერთი ვერსია, რომ მომხდარი შესაძლოა, ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ავეჯის ბაზრობისთვის ფართს შპს "დინამო არენა" ფლობს", - აღნიშნა კაჭარავამ.

ამასთან, მისივე თქმით, ჯერ დაზუსტებით ვერ იტყვის, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი 26 თებერვალს.

"გამოძიებას ყველა ინფორმაცია მივაწოდე. მიმდინარეობს გამოძიება, დავიკითხე მეც და ცენტრთან დაკავშირებული ყველა პირი. ფაქტია, რომ დივერსია მოხდა", - აღნიშნა ცენტრის მფლობელმა.
სავაჭრო ცენტრ "საბაში" ძლიერი ხანძარი 26 თებერვალს გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 6 ათასი კვდარატული მეტრი ფართობი.