პარლამენტში კანონპროექტის განმარტებითი ბარათი დებატების მიზეზი გახდა

პარლამენტში კანონპროექტის განმარტებითი ბარათი დებატების მიზეზი გახდა

პარლამენტში განსახილველად წარდგენილ "წყლის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებების პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებს შორის ცხარე კამათისა და დებატების მიზეზი გახდა. 

აღნიშნული კანონი იმ დიდი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირებას და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარდაქმნას ითვალისწინებს.

როგორც საკომიტეტო განხილვაზე გაირკვა, განმარტებით ბარათში ასახული არ იყო კანონპროექტში წარმოდგენილი ინიციატივა, რომლის თანახმად წყლის კადასტრთან დაკავშირებული ნორმა კანონიდან ამოდის. აღნიშნული ფაქტი კი, კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ და დეპუტატმა კობა დავითაშვილმა გააპროტესტეს. მათი თქმით, კანონპროექტის შინაარსი მის თანდართულ განმარტებით ბარათში სათანადოდ ასახული არ იყო და მისთვის კომიტეტს მხარი არ უნდა დაეჭირა.

დავითაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში არსებობდა პრაქტიკა იმისა, რომ როცა საქმე დიდი საკანონმდებლო პაკეტს ეხებოდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განმარტებით ბარათში ასახული არ იყო და ამ ფორმით კანონში ცვლილებების "გაპარება" ხორციელდებოდა.

დეპუტატთა ნაწილმა და ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ხმალაძისა და კობა დავითაშვილის შენიშვნები არ გაიზიარეს. მათი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილი ყველა ცვლილება მუხლების მიხედვით განმარტებით ბარათში ასახული ვერ იქნება და ამის აუცილებლობა არც არსებობს.

გარდა ამისა, საკომიტეტო განხილვისას კომიტეტის ხელმძღვანელმა რიგი მუხლების გაუმართაობაზეც გაამახვილა ყურადღება. საბოლოოდ კამათისა და კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ კანონს ხმათა უმრავლესობით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.