მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მედიისთვის განცხადებებს ცალ-ცალკე გააკეთებენ

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მედიისთვის განცხადებებს ცალ-ცალკე გააკეთებენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს მედიისთვის ცალ-ცალკე გააკეთებენ. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი შეხვედრის დეტალებზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე ისაუბრებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი – მე-12 სართულზე.

პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა კი, კანცელარიის მე-11 სართულზე, საპრეზიდენტო რეზიდენციაში დახურულ ფორმატში გაიმართება.

მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით მიმდებარე ქუჩებზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. კანცელარიის მიმდებარე გზებზე საავტომობილო მოძრაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ. მოძრაობა ამ პერიმეტრზე პოლიციის კოორდინაციით ხორციელდება.
პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრის ამსახველ კადრებს მათი პრესსამსახურების კამერები გადაიღებენ.

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.