სტუდენტთა ნაწილი ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას მოთხოვს

სტუდენტთა ნაწილი ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას მოთხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას მოთხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს, უნივერსიტეტში "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მეტრეველმა გათავისუფლებულ ლექტორებთან ერთად აქცია-ბრიფინგი გამართა.

მეტრეველი აცხადებს, რომ რექტორი ვერ ახერხებს უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას და სტუდენტთა უფლებების დაცვას. მისივე მტკიცებით, თსუ-ს ადმინისტრაციაში თანამდებობებზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ნიშნავენ. ადმინისტრაციაში დაინიშნა ბექა ახლოური, რომელიც "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წევრი და "ნაციონალების" მხარდამჭერი იყო.

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, თსუ პარტიული კადრების სამჭედლოდ გადაიქცა, ამ საქმის ორგანიზება ადვილად შეითავსეს, ერთი მხრივ, სპორტის სამინისტრომ და მეორე მხრივ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ. ბოლო წლებში მომრავლდა სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტების ცემის ფაქტები, რომლებიც ასევე შეიცავდა პოლიტიკურ სარჩულს. მიუხედავად იმისა, რომ რექტორი არაერთხელ შეგვპირდა მოძალადეების გარიცხვას, მას ეს არ გაუკეთებია. პირიქით, ცნობილი გახდა, რომ მოძალადე თვითმმართველობის წევრები დღეს უნივერსიტეტში სპეციალისტის თანამდებობეს იკავებენ. ამ ყველაფრიდან გამოსავლად ჩვენ რექტორის გადადგომას ვხედავთ", - აცხადებს მეტრეველი.

ლექტორების თქმით, ისინი თსუ-ში აღარ მუშაობენ, რადგან კონკურსი ვერ გაიარეს, თუმცა რეალური მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებები იყო.

ამასთან, ყოფილი ლექტორის გიორგი ყიფიანის თქმით, უნივერსიტეტში თანხების განაწილების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. მისივე თქმით, შესაცვლელია თსუ წესდებაც, ხილო კონკურსების შედეგებს განათლების სამინისტრომ უნდა გადახედოს.