სასამართლოში პატიმართა წამებაში ბრალდებულების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

სასამართლოში პატიმართა წამებაში ბრალდებულების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ციხის ადმინისტრაციის 17 თანამშრომლის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება და მას მხოლოდ ბრალდებულები და მათი დამცველები ესწრებიან. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის, გლდანის ციხის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ჯანჯღავას ადვოკატმა, საია-ს წარმომადგენელმა გაგი მოსაიშვილმა განუცხადა, სასამართლომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ განსასჯელთა შორის სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულებიც არიან და სასამართლოს სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა რომ სხდომა დაეხურა.

რაც შეეხება ალექსანდრე ჯანჯღავას, რომელსაც არადამიანური მოპყრობის მუხლით წარედგინა ბრალი, როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯანჯღავას არც ერთ მსგავს ფაქტში მონაწილეობა არ მიუღია და იგი შეეცდება მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

"გასათვალისწინებელია, რომ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დირექტორის მოადგილედ ალექსანდრე ჯანჯღავა მუშაობდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შეინარჩუ ნა თანამდებობა ახალი ხელისუფლების დროს და დაწესებულებაში შევიდა მედიის წარმომადგენლებთან ერთად", - განაცხადა გაგი მოასიაშვილმა.

სხდომას სხვა ბრალდებულებთან ერთად ესწრება ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძეც. სხდომას აწარმოებს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი, ბრალდების მხარეს კი წარმოადგენს რევაზ ნადოი.

დაცვის მხარემ მიმდინარე პროცესზე, როგორც ადვოკატები განმარტავენ, ორი შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის მოსამართლისა და პროკურორის აცილება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.