სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აქციების განახლებას არ გამორიცხავენ

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აქციების განახლებას არ გამორიცხავენ

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სამომავლოდ აქციების განახლებას არ გამორიცხავენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მიკროავტობუსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გოჩა მაქაძემ განუცხადა, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მერიასთან და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებთან. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მერიასა და კომპანიასთან მოლაპარაკებები სამარშრუტო სქემებზე მიმდინარეობდა.

მაქაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ გახსნილია დოტაციური ხაზები, რომლებიც ნაკლებად შემოსავლიანია და მძღოლები მათ გაუქმებას ითხოვენ.

ამასთან, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებთან კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძღოლისთვის დღიური ნორმის შემცირების შესახებ. მძღოლები ასევე კომპანიისგან დღიური ხელფასის 40 ლარიდან 60 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

ამასთან, გოჩა მაქაძემ აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, თუ რა რეაგირებას მოახდენს საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადი უნდა დაწესდეს და მათ საბუღალტრო ანგარიშგება აღარ დაჭირდებათ.

მაქაძეს ცნობით, თუ საჭირო გახდა, მძღოლები ქუთაისშიც ჩავლენ და პარლამენტარებს ამ კანონპროექტის განხილვას შეახსენებენ.

"მერიისთვის და კომპანიისთვის შეთავაზებულ ჩვენს წინადადებებზე მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ მოუტანია. თუ ასე გაგრძელდება, სამომავლოდ აქციებს არ გამოვრიცხავთ", _ დასძინა გოჩა მაქაძემ.