რიჩარდ ნორლანდი - იმედით ვუყურებთ პრემიერისა და პრეზიდენტის დღევანდელ შეხვედრას

რიჩარდ ნორლანდი - იმედით ვუყურებთ პრემიერისა და პრეზიდენტის დღევანდელ შეხვედრას

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრით მოხარულია. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა , საერთაშორისო საზოგადოება ამ შეხვედრას დიდი იმედით უყურებს. 

"მოხარული ვართ, რომ ასეთი შეხვედრა შედგება. საქართველოს მეგობრები და საერთაშორისო საზოგადოება თვალს ადევნებს ამ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველო საშინაო პოლიტიკური საკითხების მშვიდობიანად გადაჭრას შეძლებს, განაგრძობს განვითარებას, როგორც ძლიერი ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ შეხვედრას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ერთი ერთზე შეხვდებიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, შეხვედრა დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძიც მონაწილეობით შედგეს.

დახურული მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში 15:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის ამსახველ კადრებს პრემიერისა და პრეზიდენტის პრესსამსახურის კამერები გადაიღებენ. თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები მედიისთვის, სავარაუდოდ, ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ჟურნალისტები მთავრობის კანცელარიის XII სართულზე დაიშვებიან.

პრეზიდენტისა და პრემიერის დღევანდელი შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც.
ამასთან, დღეს რიჩარდ ნორლანდი რამდენიმე ელჩთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.