ნიკოლოზ ვაშაკიძე:

ნიკოლოზ ვაშაკიძე: "მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია"

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის აზრით, "მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია".

ასე ეხმაურება ვაშაკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ანსამბლ "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს.

"ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში მიემგზავრება გასტროლებზე. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო ფურცელი ქართული კულტურის ისტორიაში. ეს არ არის არც სიმფონიური ორკესტრი და არც საესტრადო ანსამბლი (თუმცა მე ნებისმიერი გასტროლების წინააღმდეგი ვარ), ეს არის ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ანუ ჩვენი ეროვნული კოდის მატარებელი კოლექტივი. დამცირებული და ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან ასეთი ნაბიჯი უაღრესად მახინჯი და სულმდაბალი ქმედებაა. სანამ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტილი არ არის, მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა ჩემთვის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ საქართველოში პრაქტიკულად დაკარგულია ეროვნული ღირსების ელემენტარული გაგება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორ გამოვიყურებით ასეთი ღონისძიებების დროს თუნდაც იგივე რუსების თვალში. ვინ რა პატივი უნდა გვცეს საერთოდ? გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა მთელი სიმკაცრით დაისმება ორი კითხვა: ვინ ჩაიდინა ეს სამარცხინო საქციელი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ სამარცხვინო საქციელის ჩადენაზე", - წერს ვაშაკიძე.

ცნობისთვის, კრემლის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი 9-10 მარტს გაიმართება.