რეჟიმის გასამართლების მოთხონით, 14 აპრილს აქცია გაიმართება

რეჟიმის გასამართლების მოთხონით, 14 აპრილს აქცია გაიმართება

14 აპრილს სპორტის სასახლეში "რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით" აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განუცხადა, აქციის ორგანიზატორები ყოფილი პოლიტპატიმრები იქნებიან, რომლებმაც საპატიმროები 13 იანვარს დატოვეს. 

მისივე თქმით, ყოფილი პოლიტპატიმრები გამოდიან ინიციატივით, შეიკრიბოს ყველა ის ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში რეჟიმის მსხვერპლი იყო. ისინი ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯას მოსთხოვენ.

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ყოფილი პოლიტპატიმრები მოითხოვენ, რეჟიმი გასამართლდეს და "ნაციონალური მოძრაობა" კანონგარეშედ გამოცხადდეს, ანუ პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს იმ დანაშაულებების გამო, რასაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა.

მისივე ინფორმაციით, შეგროვდება ხელმოწერები, მიმართვის ტექსტები, რომლებიც მეორე დღეს პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც კაკაბაძე ამბობს, აქციას ყველა ის ადამიანი დაესწრება, ვისაც სურვილი აქვს, რომ რეჟიმი გასამართლდეს.

"იქ იქნებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ ამ რეჟიმმა ისიც დააზარალა, იქნებიან ქონებაწართმეული, ბიზნესწართმეული, უკანონოდ დაპატიმრებული თუ გამოსახლებული ადამიანები" , - დასძინა ნანა კაკაბაძე.