პრეზიდენტი და პრემიერი, სავარაუდოდ, ერთი ერთზე შეხვდებიან

პრეზიდენტი და პრემიერი, სავარაუდოდ, ერთი ერთზე შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ერთი ერთზე შეხვდებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, შეხვედრა დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის მონაწილეობით შედგეს. 

დახურული მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში 15:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის ამსახველ კადრებს პრემიერისა და პრეზიდენტის პრესსამსახურის კამერები გადაიღებენ. თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები მედიისთვის სავარაუდოდ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ჟურნალისტები მთავრობის კანცელარიის XII სართულზე დაიშვებიან.

პრეზიდენტისა და პრემიერის დღევანდელი შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც.