საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ტაილანდში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ტაილანდში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ტაილანდის სამეფოს ეწვია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ჯულაპონგ ნონსრიჩაისთან. ტაილანდის მხრიდან შეხევედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, პატჩანი კითავორნი და ტაილანდის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (TICA) გენერალური დირექტორის მოადგილე, ანგსანა სიჰაპიტაკი.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, განხილულ იქნა ტაილანდის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოსთან (TICA) სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპეტივები. მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაცვალონ მაღალი დონის ვიზიტები და იმუშაონ ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის გაფართოებისთვის.

ინფორმაციის თანახმად, ტაილანდის მხარემ კვლავ დაადასტურა განუხრელი პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.