პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრის ერთი-ერთი მთავრი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პოზიციის მკაფიო დაფიქსირებისკენ პრემიერმა პრეზიდენტს 26 თებერვალს მოუწოდა. "ფეისბუქით" გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს 2-3 დღის ვადა მისცა.

"გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობის სანაცვლოდ კი, პირობები მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ 2 მარტს დაასახელა.

"არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენ ვითხოვთ საშუალო და ქვედა რგოლის პირების დევნის, წამების, დაკითხვებზე დაბარების შეწყვეტას. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, პარლამენტი იყოს იქ, სადაც ახლაა – ქუთაისში. მზად ვარ, ორშაბათს შევხდე პრემიერ-მინისტრს და კიდევ ერთხელ ვცადოთ, ამომწურავი საუბარი გვქონდეს მთელ რიგ საკითხებზე, ქვეყანაში არის აშკარად ეკონომიკური სტაგნაცია, უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს, შეინიშნება პოლიტიკური კრიზისის ნიშნები და არ შეიძლება, ეს არ მაღელვებდეს. ბუნებრივია, არ მინდა რასაც ამდენი წელი რუდუნებით ვაშენებდი, დაინგრეს. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 15.00 საათზე დაიწყება.