საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ხათუნა ბერძენიშვილთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საზმაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ხათუნა ბერძენიშვილთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ განუცხადა.

სხდომაზე, სავარაუდოდ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლების საკითხიც განიხილება.
ხათუნა ბერძენიშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გასულ კვირას საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით, მე აღარ ვარ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, ისმის შეკითხვა - პროფესიონალი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქმნის არხის პოლტიკას "მოამბის" გუნდთან ერთად და ეს პოლიტიკა ყველა რეზოლუციაში, დასკვნაში ითვლება, როგორც ერთ-ერთი დაბალანსებული სამსახური, რატომ მიიღო არხის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ამით მეც დავინტერესდი და ბარათაშვილს ვკითხე კიდეც, მაგრამ მას არგუმენტი არ აქვს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ხათუნა ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს, უშუალოდ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას კი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს. მისი თქმით, გათავისუფლებამდე გიორგი ბარათაშვილისგან მან სამი წინადადება მიიღო.

"იყო რამდენიმე წინადადება, პირველი - შემომთავაზა ფული, მეორე - შემომთავაზა სხვა თანამდებობაზე გადასვლა, რაც დღესაც ძალაში რჩება და მესამე – თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნას, მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას. მან რამდენჯერმე მითხრა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომ მე საინფორმაციო სამახურიდან წავიდე. იგივე პრობლემა გვქონდა 2 ოქტომბრის შემდეგ გია ჭანტურიასთანაც, მაგრამ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და არხიდან თვითონ წავიდა. ამასთან, არავისთვის არის უცხო ბარათაშვილის ნათესაური კავშირები კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ირაკლი ტრიპოლსკისთან. მათ შორის იყო გარკვეული გარიგება, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე და საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი ყოფილიყო სხვა ადამიანი", - განმარტა მან.

გიორგი ბარათაშვილის განცხადებით კი, მან ხათუნა ბერძენიშვილს შესთავაზა მის მრჩევლად გადასვლა, რაც უფრო მაღალი თანამდებობაა და მისი დაწინაურება იქნებოდა.
"მე ხათუნა ბერძენიშვილს შევთავაზე ახალი კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს საზოგადებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად გადმოსვლას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში. რატომ მოხდა ეს? სამეურვეო საბჭოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, მაუწყებელში შემოვიდა ახალი სტრუქტურა – ამ სტრუქტურის მიხედვით, აღარ არსებობს საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი, შესაბამისად, აღარ არსებობს მისი ხელმძღვანელი", - განაცხადა ბარათაშვილმა. მისივე თქმით, ის ბერძენიშვილის განცხადებებით გაოცებული დარჩა, რადგან თავად საინფორმაციო პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა.