დავით დარჩიაშვილი – პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, აქვს თუ არა წულუკიანს მინისტრობის უფლება

დავით დარჩიაშვილი – პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, აქვს თუ არა წულუკიანს მინისტრობის უფლება

უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში უნდა გაიმართოს მსჯელობა აქვს თუ არა უფლება თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავოს. 

ამის შესახებ დარჩიაშვილმა დღეს "ფრონტნიუსის" პრესკლუბში განაცხადა.

"უმრავლესობას სურდა დიპლომების შემოწმება და მიიღო ის, რაც მიიღო. აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანს სათანადო დიპლომი არ აღმოაჩნდა. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს პარლამენტი", - აცხადებს დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, დიპლომების ჰარმონიზაციაზე არ ღირს ქიშპი.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი გუშინ მოამზადა.

სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.