პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა არ იცის, აქვს თუ არა იურისტის დიპლომი იუსტიციის მინისიტრ თეა წულუკიანს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამასთან დაკავშირებით განმარტებას თავად თეა წულუკიანი გააკეთებს.
"ვერ გეტყვით, თეა წულუკიანი მგონი მალე ჩამოდის საქართველოში და თავად განმარტავს. მე თეას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მისი დიპლომები სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. თეა წულუკიანი თავად გააკეთებს ამაზე განმარტებას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი გუშინ მოამზადა.
სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.