გასხვისებული პოლიკლინიკების მედპერსონალი აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვს.
ექიმებმა თბილისის საკრებულოში ბრიფინგი "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარესთან გულიკო ზუმბაძესთან ერთად გამართეს. როგორც ბრიფინგზე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, გასული წლის 20 ნოემბერს მედპერსონალის პროტესტის მიუხედავად, ქალაქის ქონების მართვის სამსახურმა გაასხვისა ბავშვთა მე-13 პოლიკლინიკა და ასევე მოზრდილთა პოლიკლინიკა "შუა ქალაქში". მისი თქმით, აუქციონი მოიგო კომპანია შპს "მედიკმა", რომელიც დარეგისრტირდა აუქციონის გამოცხადებამდე 10 დღით ადრე. ზუმბაძის ცნობით, "მედიკი" შპს "მედისონის" შვილობილი კომპანიაა, ორივე მათგანის უკან ერთი და იგივე პირები დგანან, რომელთაც უკვე შეძენილი აქვთ რამდენიმე პირველადი ჯანდაცვის ობიექტი და დღემდე გააჩნიათ, შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები.
ზუმბაძის თქმით, სახეზეა ცრუ მეწარმეობის ფაქტი. მისი ინფორმაციით, პოლიკლინიკების მყიდველი არის ვინმე კახაბერ ლომსაძე, რომელმაც აუქციონის პირობებით თავად უნდა განსაზღვროს დაწ3სებულებების სტრატეგია, გადაწყვიტოს სახელმწიფო თუ სხვა პროგრამებში მონაწილეობის საკითხი, განსაზღვროს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დონე, დააწესოს მომსახურების საფასური, ხოლო 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია, საერთოდ შეუცვალოს დაწესებულებას პროფილი, ზუმბაძის აზრით, 5 წლის შემდეგ პოლიკლინიკის ნაცვლად შესაძლოა, მივიღოთ კაზინო ან სხვა ობიექტი.
მისი განცხადებით, ამასთან დაკავშირებით თბილისის მერის გიგი უგულავასა და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის დავით ჭედიას მოქმედება დანაშაული, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფას.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარე მოითხოვს, რომ აუქციონი გაუქმდეს, აღნიშნული პოლიკლინიკები დარჩნენ მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა ისინი მოემსახურონ მთაწმინდის და სხვა რაიონების მოსახლეობას და განახორციელონ საყოველტაო დაზღვევის პროგრამები.
პოლიკლინიკის ექიმები კი აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ორი პოლიკლინიკის გაერთიანება, რომელიც ლაღიძის #8-ში განთავსდება. მათივე აზრით, მე-13 პოლიკლინიკის გამოთავისუფლებულ ფართს მესაკუთრეები სხვა დანიშნულებით გამოიყენებენ. ექიმების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს მიმართეს ამ აუქციონის შედეგების შესაჩერებლად, თუმცა ჯერ მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.