საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად იყო, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ დროს შეხვედროდა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერის წერილი გამოქვეყნდა და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო, მისულიყო პრემიერთან, ყველა საკითხზე ესაუბრათ, ამის შემდეგ იყო გარკვეული კომუნიკაცია, მათ შორის - დიპლომატიური არხებით.
"პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრის, დღეს სამი საათიდან ექვს საათამდე ნებისმიერ დროს და ამის თაობაზე თითქოს იყო წინასწარი საუბარი. თუმცა, წუხელ, გვიან ღამით მე მაცნობეს, რომ პრეზიდენტს კვირის ბოლომდე შეხვედრა არ შეუძლია, ვინაიდან, სხვა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და შესაძლოა, ქვეყანაშიც არ იყოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს შეხვედრის ბოლო შანსი, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ბოლო შანსები არ არსებობს. "შანსები ყოველთვის არის"- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
განცხადება, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დღეს არ შედგა, მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.