ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე იქმნება და სადაზვერვო საქმიანობის ძირითად მიზნებს , მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს, პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს.
დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ მომზადებული "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ", "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ" და ასევე "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები დაზვერვით და კონტრდაზვერვით სფეროებში პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მთელი რიგი ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას და მათ მთავრობის მიერ მიღებას ითვალისწინებს. ცვლილებების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში მთავრობა დაამტკიცებს "ეროვნულ სადაზვერვო პროგრამასაც".
ცნობისთვის, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სიახლე ისაა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური, რომელიც სადღეისოდ პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა, მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. ის სწორედ მთავრობის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და მთავრობას წარუდგენს სადაზვერვო ინფორმაციას, ნაცვლად პრეზიდენტისა.
სადაზვერვო სამსახურის უფროსსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან მოხსნის პრემიერ-მინისტრი და ის დაზვერვის საკითხებში პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი გახდება.
ამავე პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ისიც, რომ კონტრადაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სამსახური მთავრობის მიერ განისაზღვრება და სამსახურის საქმიანობაზე სამთავარობო კონტროლი დაწესდება.
უნდა აღნიშნოს, რომ ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ირინა იმერლიშვილმა პარლამენტს განხილვისთვის თავდაპირველად გასული წლის დეკემბერში შესთავაზა. როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუმარტა, რიგი ცვლილების გამო, მან პაკეტი გაიწვია და ახლა მისი ხელახალი ინიცირება მოხდა.
წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს იმასაც, რომ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების, მისთვის გრიფის მოხსნის, ასევე კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის მხრივ პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მთავრობის კომპეტენციაში გადადის.