შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალშვილიანი თანამშრომლები დღეიდან ყოველთვიურ სახელფასო დანამატს მიიღებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატებისა და ერთჯერადი დახმარების შესახებ ძალაში დღეიდან შევიდა.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს დღეიდან ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს მიიღებს.
ასევე ამოქმედდა მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ყოველთვიურ დანამატსა და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი მიიღებს.