საია - თუ დადგინდა, რომ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება არ აქვს, შესაძლოა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

საია - თუ დადგინდა, რომ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება არ აქვს, შესაძლოა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

თუ დადგინდა, რომ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება არ აქვს, შესაძლოა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში წერია, რომ იუსტიციის მინისტრი არის პროკურორი. ამავე კანონში მითითებულია, რომ პროკურორს მოეთხოვება, ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.

"შესაბამისად, რადგან იუსტიციის მინისტრი ამავე დროს პროკურორია და თან უმაღლესი იურიდიული განათლებაც მოეთხოვება, ლოგიკურად გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა იყოს იურისტი. თუ იურისტი არ იქნება, ის იუსტიციის მინისტრი ვერ იქნება, კანონი ამას კრძალავს. მით უმეტეს, საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ აქვს, რადგან იუსტიციის სამინისტროდან პროკურატურა ცალკე გამოყოფილი არ არის",- აღნიშნა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფის შემთხვევაში, იურიდიული განათლების არმქონე პირს იუსტიციის მინისტრად დარჩენის უფლება ექნებოდა.
"იუსტიციის მინისტრი აღარ შეასრულებს საპროკურატურო ფუნქციას, პროკურორობიდან გამომდინარე არის პრობლემა. რადგან მოცემულ სიტუაციაში პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის და პროკურორის უფლებამოსილებას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი. თუ დადგინდა, რომ ის იურისტი არ არის, მაშინ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან",- დასძინა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, თუ დადგინდა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იურისტი არ არის და ასრულებდა პროკურორის უფლება-მოსილებას, "გამოდის, რომ მისი გადაწყვეტილებები არალეგიტიმური იყო".

"თუ დადგინდა - მან იცოდა, რომ არ ჰქონდა უფლებამოსილება, მაინც აკეთებდა, შეიძლება სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი. თანამდებობიდან გათავისუფლებაც სამართლებრივი პასუხისმგებლობაა",- დასძინა კოჟორიძემ.

გუშინ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის უმაღლესი იურიდიული განათლებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დაინტერესდა. როგორც დეპუტატმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა, აღნიშნული კითხვა შემთხვევით არ გასჩენია.

"ორი დღეა კონსულტაციებს გავდივარ იურისტებთან და ექსპერტებთან, გულდასმით შევისწავლე ქ-ნი თეა წულუკიანის ოფიციალურად გამოქვეყნებული ბიოგრაფია და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პასუხი არ იკითხება. როგორც მატყობინებენ, იუსტიციის სამინისტრომ თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისგან, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვებს. არადა, ყველაფერი მარტივადაა: თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კითხვები აღარ არსებობს, ხოლო თუ არ აქვს, მაშინ კანონი ირღვევა", - აცხადებს გოგა ხაჩიძე.