საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაცვაზე უარის თქმას მედიაზე გათვლილ პიარაქციად აფასებს. "არა მგონია რომ პრეზიდენტი დაუცველი იყოს. რამდენადაც ვიცი, დაცვის სამსახური მაინც აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტ არ არის პირი, სახელმწიფო ვალდებულია ის დაიცვას და ისიც ვალდებულია, დაემორჩილოს კანონებს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ესაა უფრო მედიისთვის გაკეთებული პიარაქცია და მას ნაკლები აქვს საერთო რეალობასთან", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაინტერესებასაც გამოეხმაურა და მასაც "იაფფასიანი ხრიკები" უწოდა.
"ნებისმიერი მინისტრის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არის იაფფასიანი ხრიკები, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი გუშინ მოამზადა.
სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.