საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ განცხადებას არასახელმწიფოებრივს უწოდებს. "პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, ჩემი აზრით
,ეს იყო არასახელმწიფოებრივი განცხადება. მან ისაუბრა აზერბაიჯან-საქართველოს საფრთხეებზე, დაასახელა რაღაც ორგანიზაცია. ასეთი მიდგომა არის არასახელმწიფოებრივი და ხელს უშლის რეგიონული უსაფრთხოების განვითარებას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მას აქვს განცდა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სააკაშვილს სურს, "ქვა ქვაზე არ დარჩეს".
"ისეთი განცდა მრჩება, თითქოს მას პოლიტიკიდან წახვლის შემდეგ სურვილი აქვს, ქვა ქვაზე არ დარჩეს. მართლაც შემაშფოთებელი და არასახელმწიფოებრივი განცხადება იყო", - დასძინა ალასანიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე განცხადება გუშინ, ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.
"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. რამდენიმე დღის წინ ე.წ ამნისტიით გაშვებულმა ჩახალიანმა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით "რედისონში" მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე, ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ!მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.