"გადაუჭარბებლად ვიტყვი, თეა წულუკიანის კომპეტენციაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს", - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია იუსტიციის მინისტრის განათლებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაინტერესებას.
მისივე განმარტებით, უმცირესობის მხრიდან წულუკიანის კომპეტენციაზე აპელირება სასაცილოა.
"თეა წულუკიანის კომპეტენციაზე გადაუჭარბებლად ვიტყვი, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. უმცირესობა არ ვიცი რა კრიტერიუმებით საზღვრავს, მაგრამ მათი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი მართლაც სასაცილოა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა ალასანიამ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი გუშინ მოამზადა.
სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, დალი კანდელაკი უდასტურებს.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.