საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის დღეს დაგეგმილ შეხვედრიდან მეტ კონკრეტიკას ელოდება.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განუცხადა, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაფართოებული ფორმატში გაიმართება.
"ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა შედგება დღეს პრაღაში. მას პირველად დაესწრება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ანუ ის ჩატარდება უფრო გაფართოებული ფორმატით. მოლოდინი იგივეა, რაც იყო პირველ შეხვედრაზე - იქნება იგივე თემაზეტიკაზე საუბარი, თუმცა იმედი მაქვს, რომ იქნება მეტი კონკრეტიკა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, აბაშიძესა და კარასინს შორის შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება სოჭის ოლიმპიადის თამაშებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს, პრაღაში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ გრიგორ კარასინს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ ჩეხეთში გამგაზავრებამდე განუცხადა, პრაღის შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუნამიტარულ და კულტურული ურთიერთობების საკითხებს.
აბაშიძესა და კარასინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 14 დეკემბერს ჟენევაში გაიმართა.