"საბაში" მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრის მფლობელი პაატა კაჭარავა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოში დაიკითხა. როგორც კაჭარავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიებას მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რომელიც ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით.
"გამოძიებამ დამისვა კითხვები, თუ რა ვიცოდი მომხდართან დაკავშირებით. მე მათ ვუთხარი ჩემი ვარაუდიც, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა. ასევე, ვუთხარი ისიც, რომ ეს მოკლე ჩართვით ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევით არ მომხდარა", - განაცხადა კაჭარავამ.
მისივე თქმით, გამოძიებას შედგენილი აქვს დასაკითხთა სია, რომელშიც როგორც მოვაჭრეები, ასევე ცენტრის თანამშრომლებიც შედიან.
რაც შეეხება ზარალს, როგორც კაჭარავა ამბობს, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მის ოდენობას ადგენს. ამასთან, "საბას" მფლობელი აცხადებს, რომ პირველადი მონაცემი ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი 26 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 6000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა.