ავსტრიული ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურს

ავსტრიული ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურს

ავსტრიული ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგ კაფშს საქართველოში ჩამოსვლა და ინვესტიციების განხორციელება სურს . 

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავსტრიული ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგ კაფშს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო მიმოიხილეს. ავსტრიულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი, გამოიყო რამდენიმე სექტორი, რომელშიც ავსტრიას განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ესენია ტურიზმი, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურის სფერო და სოფლის მეურნეობა, რომელიც ქართული მხარისთვისაც პრიორიტეტულია.

გეორგ კაფშის განცხადებით, საქართველოსა და ავსტრიას წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობები გააჩნიათ და ავსტრიამ დაახლოებით 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.

"საგარეო საქმეთა მინისტრთან დღევანდელი საუბრის შემდეგ ჩვენ დავინტერესდებით სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ლოგისტიკის სფეროებით", - აღნიშნა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეფასებით კი, ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. "მისი მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი, რომ ინვესტიციების განსახორციელებლად ჩამოვიდეს საქართველოში და ჩამოიყვანოს ბიზნესმენთა ჯგუფი. მე მივესალმე მათ წინადადებას, რომ საქართველოს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ ბიზნეს გარემოს. ავსტრიული მხარე დაინტერესდა იმ ფონდებით, რომელიც შექმნილია ეკონომიკის ასაღორძინებლად და იმედი მაქვს, მათი ვიზიტი მალე შედგება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.