სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს . 

მოქმედი კანონმდებლობით, ექსპერტიზის ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ირინა იმერლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს მიენიჭება.

დღესვე, ბიუროს მხარდაჭერა ირინა იმერლიშვილის ავტორობით მომზადებულმა კიდევ ერთმა საკანონმდებლო პაკეტმა მიიღო, რომელიც დაზვერვის სამსახურის პრეზიდენტის კონტროლიდან გასვლასა და მის მთავრობისათვის დაქვემდებარებას ითვალისწინებს. ამავე პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია, კონტრდაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობის მიერ განსაზღვრა, ნაცვლად პრეზიდენტისა.

ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იმერლიშვილმა პარლამენტს განხილვისთვის თავდაპირველად გასული წლის დეკემბერში შესთავაზა. როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუმარტა, რიგი ცვლილების გამო, მან საკანონმდებლო პაკეტი გაიწვია და დღეს მისი ხელახალი ინიცირება მოხდა.