აკაკი ბობოხიძე - საბოტაჟით მესამე ძალაა დაინტერესებული

აკაკი ბობოხიძე - საბოტაჟით მესამე ძალაა დაინტერესებული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ქვეყანაში გარკვეული ძალების მხრიდან საბოტაჟის განხორციელების ინტერესის შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას იზიარებს, თუმცა უმრავლესობას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე ხელს "ნაციონალური მოძრაობისკენ" ნუ გაიშვერენ.

როგორც ბობოხიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებობს მესამე ძალა, რომელიც საბოტაჟით არის დაინტერესებული. მან ბიუროს სხდომაზე მოიყვანა ხარაგაულის გამგებლის განცხადება, თითქოს სოფლის ვაუჩერები არ დარიგდება, თუ ამ სოფელს ხელმძღვანელობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები; ასევე, მან დაასახელა ქუთაისის მერიაში დღევანდელი შეჭრის ფაქტი.

დეპუტატის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს მესამე ძალა, რომელიც ასეთი ქმედებების განხორციელებით არის დაინტერესებული და ითხოვს, რომ შესაბამის ფაქტებზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადო რეაგირება მოახდინონ.

რაც შეეხება მოახლოებული აპრილის ფონზე კონსტიტუციის იმ მუხლის ამოქმედებას, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს დაითხოვოს მთავრობა, აკაკი ბობოხიძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამის გაკეთებას არ აპირებს, რადგან არც ინტერესი და არც შესაბამისი რესურსი არ გააჩნია.

"მოგიწოდებთ, გაუკეთეთ ინიცირება კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც შეთანხმებული იყო უმცირესობასთან და პირობას გაძლევთ, რომ თუ მთელი უმცირესობა არა, უმცირესობის იმდენი წარმომადგენელი მაინც დაუჭერს მხარს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საკითხი კენჭისყრით გავიდეს", - განაცხადა ბობოხიძემ და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადადაც აპირებს ასეთი საკონსტიტუციო პროექტისთვის მხარდაჭერას.

მისივე აზრით, კონსტიტუციის იმ მუხლზე აპელირებით, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის მოსალოდნელ დათხოვნას ეხება, მმართველი გუნდი არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.