აჭარის მთავრობის მიერ შენიშვნებით გაგზავნილი უსკო-ს კანონი უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას შენიშვნებითვე დაუბრუნა

აჭარის მთავრობის მიერ შენიშვნებით გაგზავნილი უსკო-ს კანონი უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას შენიშვნებითვე დაუბრუნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შენიშვნებით გაგზავნილი უსკო-ს (აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია) დაკომპლექტების წესის შესახებ კანონი აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას შენიშვნებითვე უკან დაუბრუნა. 

უმაღლეს საბჭოში დღეს გამართულ რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძის მიერ კანონში შეტანილი შენიშვნები ხარვეზებს შეიცავს და სრული სახით არ არის წარმოდგენილი. მედეა ვასაძემ შენიშვნებთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება გააკეთა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები უნდა იყოს ჩამოყალიბებული კანონპროექტის სახით. რეგლამენტის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე შენიშვნების შესაბამისი კანონპროექტი უნდა ითვალისწინებდეს იმ საკითხების ალტერნატიული ფორმით ჩამოყალიბებას ან უარყოფას, რაზეც გამოთქმულია შენიშვნები", - აღნიშნა მედეა ვასაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ უსკო-ს დაკომპლექტების წესის შესახებ კანონი უმაღლეს საბჭოს შენიშვნებით იმის გამო დაუბრუნა, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნია უსკო-ს წევრთა შერჩევაში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა.

რიგგარეშე სესიას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ აღნიშნა, უმაღლეს საბჭოში განხორციელებული პროცედურა კანონის ჩარჩოებიდან ამოვარდნილია. "იმას, რაც დღეს განხორციელდა უმაღლეს საბჭოში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს", - აღნიშნა გია ქარცივაძემ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა აჭარაში მადონა ბერიძემ განმარტა, აჭარის მთავრობა საერთოდ არ ეთანხმებოდა ამ კანონპროექტის მიღებას და მათი მხრიდან ვერ მოხდებოდა ალტერნატიული წინადადებების შემოთავაზება.

"დღეს მოხდა ნონსენსი, რადგან მსგავს რამეს კანონმდებლობა არ იცნობს, პრაქტიკა არ არსებობს იმის, რომ მთავრობის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები უკან შენიშვნებითვე დაუბრუნოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ. გარდა იმისა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს და ეს კანონსაც ეწინააღმდეგება, ასევე დარღვეულია ვადები. ანუ, როდესაც უმაღლესი საბჭო ღებულობს რაიმე კანონს, ის უგზავნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად, რომელსაც ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ან ხელი მოაწეროს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს. შესაბამისად, ეს ვადა გასულია, რადგან მთავრობამ ეს შენიშვნები გამოაგზავნა. მეორე ეტაპი, რომ უმაღლესი საბჭო უკან უბრუნებს შენიშვნებით არის სამართლებრივად გაუმართავი და ასევე, ვადებია დარღვეული", - აღნიშნა მადონა ბერიძემ.

უსკო-ს დაკომპლექტების შესახებ კანონი ძალაში საგაზაფხულო სესიამდე უნდა შევიდეს.