შემოსავლების სამსახური სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევას ეხმაურება

შემოსავლების სამსახური სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევას ეხმაურება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ხელფასის შესახებ ინფორმაცია მათ სამსახურს დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ წარედგინება. შემოსავლების სამსახური სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევას ეხმაურება, რომლითაც უმწეოთა ბაზაში მყოფ მარინა თევდორაძეს შემწეობა შეუწყდა. 

"შემოსავლების სამსახურს მოქალაქეთა ხელფასების შესახებ ინფორმაცია, დამსაქმებელი ორგანიზაციების მიერ წარედგინება. შესაბამისად, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უმწეოთათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე გამართულ ბრიფინგზე, დასახელებული მოქალაქის, მარინე თევდორაძის კუთვნილი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში მისივე დამსაქმებლის, ქალაქ თბილისის მერიის მიერაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ინფორმაციის ნამდვილობას, მასზე პასუხისმგებელი დამსაქმებელი ორგანიზაციაა", _ აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ მოთხოვნის შესაბამისად მარინე თევდორაძის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია შემოსვლების სამსახურის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდა.

შემოსავლების სამსახური მიმართავს მოქალაქეებს, თუ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათივე ხელფასის შესახებ, განსხვავდება შემოსავლების სამსახურის ბაზებში დაფიქსირებული მონაცემებისგან, მიმართონ მისამართზე: ვახტანგ გორგასლის ქ.#16, სსიპ შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული სამსახური ფაქტის შესწავლას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ ჯანდაცვის სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ბოლო დროს, უმწეოთათვის საარსებო შემწეობების შეწყვეტის გამო გამოთქმული უკმაყოფილების საპასუხოდ განმარტა, რომ 2010 წლის მთავრობის 126-ე დადგენილების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული დადგენილების მოთხოვნისა და ბაზების შედარების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური დახმარების შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს.