სასამართლომ ბრალდებული რომან დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლა

სასამართლომ ბრალდებული რომან დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რომან დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, რომან დიასამიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ამ დანაშაულისთვის სამი ალტერნატიული ძირითადი სასჯელია გათვალისწინებული - ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. 

ბრალდებულ რომან დიასამიძისათვის დაკავებამდე უცნობი იყო, რომ გამოძიებამ იგი ამხილა ამ ქმედების ჩადენაში. დაკავებული პირის მიმართ პროკურორი აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვდა პატიმრობას.

სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი სანქციის პირობებში, ასევე იმ დროს, როდესაც რომან დიასამიძე წარსულში ნასამართლევი არ არის, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მან არ იცის, რომ გამოძიებამ იგი ამხილა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, სასამართლო განჩინების გარეშე დაკავება მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში რომან დიასამიძის დაკავების საფუძველი, რის გამოც დაკავება მიჩნეული იქნა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

დაკავების წესის დარღვევის გამო ბრალდებულს არ შეეფარდა არც ერთი აღკვეთის ღონისძიება.