უზენაეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხეს

უზენაეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხეს

უზენაეს სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხეს. სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "2013 წლის 27 თებერვალს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს მიერ გამოტანილი კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გააკრიტიკა. 

მინისტრის კრიტიკის ობიექტი ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახლდათ. ღარიბაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცავების მიერ დაკავებულ დამნაშავეებს სასამართლო დაუსაბუთებლად და უკანონოდ ათავისუფლებს. თუმცა საქმის რეალური სურათი სრულიად განსხვავებულია.

2013 წლის 15 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულებს ბაჩანა ჯანჯღავას და გოჩა ჯაკობიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალათ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთი 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის პოზიცია, რომ ბრალდებულები ნებაყოფლობით, მათივე სურვილით წაყვნენ პოლიციის მუშაკებს სენაკის რაიონიდან ბათუმში, რადგან მითითებული ფაქტი სადავოდ გახადა დაცვის მხარემ და მის მიერ წარდგენილი მასალები ბრალდების მხარის მოსაზრების საპირისპირო ფაქტზე უთითებდა.

სასამართლომ დაადგინა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 196-ე მუხლებით გათვალისწინებული დაკავების და სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის ვადის დარღვევა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდა.

ამავე საქმეზე ბრალდებულია მე-3 პირი, რომლის დაკავება განხორციელებულია კანონით დადგენილი წესით და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

მინისტრს რატომღაც ეს კონკრეტული ფაქტი აღარ უხსენებია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს განჩინება ბრალდების მხარეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

ინფორმაციისთვის: 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პროკურატურამ ყაჩაღობის ბრალდების გამო შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 51 პირის მიმართ პატიმრობა მოითხოვა, აქედან სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა 50 პირის მიმართ დააკმაყოფილა და მხოლოდ ერთს შეუფარდა გირაო", - განაცხადეს უზენაეს სასამართლოში.