WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობა გაზარდა

WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობა გაზარდა

აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობა გაზარდა . 

უახლოეს მომავალში ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ვარშავის, კიევის, დონეცკის, კრატოვიცეს და ხარკოვის მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანიის დელეგაციას და გენერალურ დირექტორს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, ბილეთების გაყიდვები იზრდება. მინისტრი ფიქრობს, რომ დაბალფასიანი სეგმენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს.

"მივესალმებით ამ კომპანიის განვითარებას. მათ ასევე აქვთ წინადადება, რომ მომსახურების ბაზა გააკეთონ ქუთაისის აეროპორტში. თუ დავამატებთ იმასაც, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ შიდა ფრენების განვითარებაზე, ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი და რეგიონალური ბიზნესის განვითარების და ტურიზმის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება WIZZ AIR-ს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილეთის დაბალტარიფიანი ღირებულებიდან გამომდინარე, პერმანენტულად იზრდება მგზავრთა რაოდენობა, რამაც განაპირობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა.