ბიზნესმენი კოტე კოკაია ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

ბიზნესმენი კოტე კოკაია ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

ბიზნესმენი კოტე კოკაია დიდუბე-ჩუღუერთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს .

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოტე კოკაიამ განაცხადა, ირაკლი ფირცხალავამ მას მოსთხოვა, უსასყიდლოდ დაეთმო მის კუთვნილებაში არსებული ბინათმშენებლობის ადგილი ქუჩიშვილის #10-ში. იმ დროისთვის კოტე კოკაიას ორი მობინადრისგან წინასწარ ჰქონდა აღებული 50 000 დოლარი, რომლის გადახდა ფართის გადაფორმების შემთხვევაში, მან ფირცხალავას სთხოვა.

მისივე თქმით, ფირცხალავას ასევე უნდა გადაეხადა ის ხარჯები, რაც მის სამშენებლო კომპანიას მშენებლობისთვის ჰქონდა დახარჯული.

"2008 წლის ზაფხულში, ჩემს ოფისში შპს "დავითი 2008"-ში მოვიდა ირაკლი ფირცხალავა და ჩემი სამშენებლო კომპანიის პროექტის დათმობა მთხოვა, რომელიც უკვე ყველასთან მქონდა შეთანხმებული და მობინადრეებთან ხელშეკრულებები მქონდა გაფორმებული. ფირცხალავას განვუცხადე, რომ გარდა მობინადრეებისგან მიღებული თანხისა, დაპროექტებაში, გეოლოგიურ კვლევასა და სხვა წინასამშენებლო პროცედურებში დიდი თანხა მქონდა დახარჯული და აღნიშნულ ობიექტს მხოლოდ ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადავუფორმებდი", - აცხადებს კოტე კოკაია.

მისივე თქმით, ფირცხალავა მას დაჰპირდა 50 000 დოლარის მობინადრეებისთვის გადახდას, ხოლო სხვა ხარჯების დაფარვაზე უარი განაცხადა.

"თუ არადა, 5-6 "ტრუპი" მყავს და შემდეგი შენ იქნებიო, მითხრა ფირცხალავამ, რის შემდეგაც ქუჩიშვილის 10 ნომერში არსებული მშენებლობა ფირცხალავას მეუღლეს, ნინო ხვიტიას გადავუფორმე", - აცხადებს კოკაია.

კოკაია ითხოვს გამოძიების დაწყებას და მიიჩნევს, რომ მისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. მისივე თქმით, პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა და იმედი აქვს, რომ გამოძიება სწორად წარიმართება.