აკაკი ბობოხიძე - უსუფაშვილმა კეთილი ინებოს და შეხვედრები პარლამენტში გამართოს

აკაკი ბობოხიძე - უსუფაშვილმა კეთილი ინებოს და შეხვედრები პარლამენტში გამართოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს , რომ "კეთილი ინებოს, დაჯდეს ქუთაისში და პარლამენტთან დაკავშირებული ყველა შეხვედრა პარლამენტში გამართოს".

პარლამენტთან დაკავშირებული ღონისძიებების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილი შეხვედრების თბილისში გამართვის პრაქტიკა აკაკი ბობოხიძისთვის კატეგორიულად მიუღებელია. დეპუტატი აცხადებს, რომ უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრები, თუ უმცირესობასთან კონსულტაციები სწორედ პარლამენტში, ქუთაისში უნდა ტარდებოდეს.

ბობოხიძე ხაზგასმით იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია, პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას პატივი სცეს და თუკი პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში იქნება, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც პარლამენტში მასთან მივა შესახვედრად.

"სადღეისოდ ხდება ის, რომ ქუთაისი არის არა საპარლამენტო ქალაქი, არამედ სესიების ჩატარების ადგილი. დავით უსუფაშვილმა კეთილი ინებოს, დაჯდეს ქუთაისში და პარლამენტთან დაკავშირებული ყველა შეხვედრა პარლამენტში გამართოს" – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აკაკი ბობოხიძემ.