დაზღვევის პროგრამაში 2 მლნ მოქალაქე მოხვდება

დაზღვევის პროგრამაში 2 მლნ მოქალაქე მოხვდება

დაზღვევის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შედეგად შესაძლოა პოლიკლინიკებისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდოს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს სამინისტროში განუცხადა. 

მინისტრმა 28 თებერვლიდან საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, დაზღვევის ამოქმედების შედეგად გადაუდებელ შემთხვევებზე სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის განსაკუთრებულად გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობა შესაძლოა, 1-ელი ივლისის შემდეგ გაიზარდოს, როდესაც უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმიური სერვისების დაფინანსებაც დაემატება. თუმცა, მინისტრი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებშიდაც მათ აქვთ საჭირო რესურსები მოქალაქეთა ადეკვატური მომსახურეობის უზრუნველსაყოფად.

სერგეენკოს თქმით, წლევანდელი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 635 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება.
მინისტმა აღნიშნა, რომ პროგრამაში 2 მლნ მოქალაქე მოხვდება, რომელთაც დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაზღვევა არ გააჩნიათ. პროგრამაში კი პირები სტაციონარებისა და პოლიკლინიკების მიმართვის შედეგად მოხვდებიან.