გიორგი კვირიკაშვილი - საბანკო სექტორის მიმართულებით ერთი სიტყვა ათად აღიქმება და სიფრთხილეა საჭირო

გიორგი კვირიკაშვილი - საბანკო სექტორის მიმართულებით ერთი სიტყვა ათად აღიქმება და სიფრთხილეა საჭირო

საბანკო სექტორის მიმართულებით ერთი სიტყვა ათად აღიქმება და მეტი სიფრთხილეა საჭირო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომელიც გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"როგორც ყოფილმა ბანკირმა, მინდა გითხრათ, რომ საბანკო სექტორის მიმართულებით ერთი სიტყვა ათად აღიქმება და მეტი სიფრთხილეა საჭირო. თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მიმდინარე მოლაპარაკებები და ასეთმა განცხადებებმა ამას შეიძლება ხელი შეუშალოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები არ იქნება კარგი საბანკო სექტორისთვის. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ 2005 წელს "გაერთიანებული ქართული ბანკი" იყიდა რუსულმა "ვითიბი ბანკმა" და მაშინ "გაერთიანებული ქართული ბანკი" საბანკო სისტემის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენდა.

"სხვისი დადანაშაულება იმაში, რომ რუსული კომპანია შემოდის, არა მგონია სწორი იყოს. რუსეთის პოლიტიკა 2008 წლამდე და 2008 წლის შემდეგ, არა მგონია, დიდად განსხვავებული იყოს. თუ ვინმე ამ პოლიტიკას შორის დიდ განსხვავებას ხედავდა, სწორედ ეს არის დიდი შეცდომა და პრობლემა. ასეთი სარკაზმით გაჟღენთილი განცხადებები არა მგონია, ვინმეს დადებითად ახასიათებდეს და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ხელს უშლის განვითარებას, რაც ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, რომ რუსული კომპანია ზოგადად საქართველოში ბიზნესს აკეთებდეს, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია. მისივე თქმით, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე საუბარიც ზედმეტია.

"ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას მივცეთ ბიზნესის კეთების შანსი", - განუცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციები "თიბისი ბანკმა" და "ლიბერთი ბანკმა" გუშინვე უარყვეს.