დავით უსუფაშვილი - სააკაშვილის წარმომადგენლებმა რეზოლუციაში შეუძლებელი ფრაზების ჩაწერა მოინდომეს

დავით უსუფაშვილი - სააკაშვილის წარმომადგენლებმა რეზოლუციაში შეუძლებელი ფრაზების ჩაწერა მოინდომეს

ევროკავშირი ხან იღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, ხან - არა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის რეზოლუციის პროექტში ბევრი კარგი რამ ეწერა, თუმცა ის იმიტომ ჩავარდა, რომ "მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მასში შეუძლებელი ფრაზების ჩაწერა მოინდომეს".

"ამას დაეთანხმნენ სააკაშვილის მხარდამჭერები "ევროპის სახალხო პარტიიდან", თუმცა ისინი რეზოლუციაში ისეთი ფრაზების ჩაწერას მოითხოვდნენ, რომ ევროპარლამენტის დანარჩენმა ნაწილმა ამ დოკუმენტისთვის კენჭისყრა შეუძლებლად ჩათვალა. ვინ ჩააგდო ეს, სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა ევროპარლამენტში თუ ჩვენ?!", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტის დეტალებზე ქართული დელეგაცია ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

"თუმცა ამ საკითხის იქამდე მიყვანა, რომ საქართველო ევროკავშირში ვეღარ შევა, წარმოუდგენელია. შეიძლება დაასკვნა, რომ ვიღაცას, რომელიც ზის და ტელევიზორს უყურებს, ძალიან უხარია, თუკი სადმე რამე გაფუჭდება. ხოლო, თუ არ ფუჭდება, ეს არ უხარია და ცდილობს, გააფუჭოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირველად ისტორიაში, ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა. მისი თქმით, დოკუმენტი საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღეს.