ირაკლი ღარიბაშვილი – საკუთარი გუნდის წევრებს უღებდნენ ვიდეოს

ირაკლი ღარიბაშვილი – საკუთარი გუნდის წევრებს უღებდნენ ვიდეოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამაზრზენი იყო ის, რაც, მან სამინისტროში არქივის სახით იხილა . 

როგორც ღარიბაშვილმა "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი იყო სამმართველო, რომელიც ვირუსებს ამზადებდა და პოლიტიკურ ოპონენტებს უგზავნიდა.

"მთელი არქივი დაგვხვდა სამინისტროში ჩამარხული პირადი ცხოვრების. საკუთარ გუნდის წევრებს უღებდნენ, ვიდეოს, აუდიოს, ოჯახის წევრებს. ამაზრზენი იყო ის ყველაფერი, რაც მე ვიხილე",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა საპატრულო პოლიციის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი თანამედროვე მოდერნიზებული ქართული პოლიციისა. ღარიბაშვილმა სტუდენტებს შეახსენა, რომ პატრულის პროექტი ჯერ კიდევ 2004 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ სრულად იქნა დაფინანსებული.

"ჩვენ არ ვაპირებთ ყველაფრის შეცვლას. იქ არის ბევრი რამ, რაც მე ძალიან მომეწონა და მისი გაუმჯობესება შეგვიძლია. მაგრამ არის ძალიან ბევრი ნაკლოვანება, ე.წ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, სოდ-ი თუ სხვა, რომლებიც რეალურად არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ისინი ასრულებდნენ პირდაპირ პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი",- აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პოლიცია უნდა იყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყანასა და ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა ერთ კონკრეტულ ინდივიდსა და პოლიტიკურ პარტიას.