დავით უსუფაშვილს სდსს-სთან დაკავშირებით

დავით უსუფაშვილს სდსს-სთან დაკავშირებით "სკანდალის გამოცხობის მიზეზი" არ ესმის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის(სდსს) ხელმძღვანელის პოსტზე თემურ ჯანაშიას ანზორ ჩუბინიძით შეცვლისგან "სკანდალის გამოცხობის მიზეზი" არ ესმის. 

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, დაცვის თემაზე გუშინ პრეზიდენტს "შერბილებული გულით" საუბარი შენიშნა.

"შეიძლება ახლაც ცინიზმში დამდოს ბრალი, მაგრამ გუშინ აღარ უთქვამს სრულიად დაუცველი ვარო. თქვა, რომ დაცვა შეუმცირდა. თუ დაცვა დისკომფორტს უქმნის, ძალიან ცოტა ხანში მეტი დისკომფორტი ექნება და სხვა წესით მოუწევს ცხოვრება. რა ვქნათ, ცხოვრება ასეთია, ხანდახან დისკომფორტს უნდა შევეგუოთ. მთავარია, მისი უსაფრთხოების სტანდარტი არ იყოს მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტზე დაბალი და მთავრობის შეთავაზება სწორედ ამაში იყო. იმაზე, რომ ჯანაშია შეიცვალა ივანიშვილის დაცვის უფროსით, სკანდალი საიდანღა გამოაცხვეს, საინტერესო ამბავია. ჯანაშია იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი, რომელიც გახდა სდსს-ს ხელმძღვანელი. დღეს კანონში წერია, რომ ეს სამსახური ორად გაიყო. ერთი ნაწილი, რომელიც ყველა სხვას იცავს, მთავრობის დაქვემდებარებაშია და ბუნებრივია პრემიერ-მინსიტრმა დანიშნა მისი ხელმძღვანელი. მეორე ნაწილი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია მას შეუძლია, როგორც ხელმძღვანელის დანიშვნა, ისე ყველა რიგითი თანამშრომლის შერჩევა. რა არის ამაში სასკანდალო?!", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.