მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ ქართული ბანკებით რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების დაინტერესების შესახებ

მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ ქართული ბანკებით რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების დაინტერესების შესახებ "არასწორად" თქვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ ქართული ბანკებით რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების დაინტერესების შესახებ "არასწორად" თქვა .

"ინფორმაციები, რაც მე მქონდა, საბედნიეროდ, არ დადასტურდა და ძალიან ვწუხვარ, თუ რამე არასწორად ვთქვი. ნამდვილად ვიცი, რომ რუსულ ბანკებს აქვთ ქართული ბანკების შეძენის ინტერესი. ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთი ბანკი, რომელიც დავასახელე აწარმოებს შერწყმის მოლაპარკებას ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და ალბათ ისინი ამას არ უარყოფენ, თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ჩემდაუნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის პრობლემა შემექმნა", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბაქოში გამგზავრებამდე.

მისივე განმარტებით, მას სურს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს.

"ყურადღებით დავაკვირდები, რომ ჩვენი ქონება ნამდვილად არ ჩავარდეს ერთი სახემწიფოს ხელში, რომელსაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
განცხადება ქართული ბანკების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გააკეთა. "რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს, ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციები "თიბისი ბანკმაც" და "ლიბერთი ბანკმა" უარყვეს.