ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი "ლიბერთი ბანკისა" და "თიბისი ბანკის" წილის შესაძლო გასხვისებაზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს ეროვნული ბანკი "ლიბერთი ბანკისა" და "თიბისი ბანკის" წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, - ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია "თიბისი ბანკმა" და "ლიბერთი ბანკმა" გუშინვე უარყვეს.